თითქმის ყველა, ვისაც კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა, განიცდის დეპრესიას მოკვეთილი კიდურის გამო. ეს ბუნებრივია, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ამგვარი გამოწვევის წინაშე დგას ადამიანების დიდი ჯგუფი და თქვენ არ ხართ ერთადერთი ვისაც უწევს მასთან გამკლავება. აბსოლუტური უმრავლესობა პაციენტებისა კი წარმატებით გადის ადაპტაციას ახალ რეალობასთან და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას.
ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ არ განმარტოვდეთ საკუთარ პრობლემებთან, ღიად ისაუბროთ მათზე სხვებთან და, ასევე სხვათა გამოცდილებაც გაიზიაროთ. საპროთეზო რეაბილიტაციის პროცესი ამგვარი კომუნიკაციის კარგ შესაძლებლობას იძლევა.
ახლობლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს. თუ გრძნობთ, რომ გიჭირთ დამოუკიდებლად გამკლავება ამ მდგომარეობასთან, სპეციალისტს მიმართეთ დახმარებისთვის. იგი მოგცემთ რჩევას, თუ როგორ გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიასა თუ შფოთურ მდგომარეობას.
პროტეზირება უნდა ჩატარდეს, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, ამპუტაციიდან რაც შეიძლება მოკლე ვადაში.
მცდარია გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს პროტეზირება ამპუტაციდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ უნდა დაიწყოს. პირიქით, რაც უფრო ადრე მოხდება ხელოვნური კიდურის მორგება, მით მეტია წარმატების შანსი.
ოპერაციის დამთავრებისთანავე უნდა მოხდეს ტაკვის მომზადება პროტეზირებისათვის ჭრილობის შეხორცებამდე ტაკვის იმობილიზაციით და ჭრილობის არეში ფიზიოთერაპიით.
საპროტეზო რეაბილიტაცია შესაძლებელია დაიწყოს პოსტოპერაციული პერიოდის დასრულებისთანავე, ანუ ქირურგიული ოპერაციით გამოწვეული პრობლემების ალაგებისთანავე.
თუ ჭრილობა დროულად შეხორცდა და პაციენტს აქვს სათანადო ფიზიკური მდგომარეობა, პროთეზირების დაწყება ამპუტაციდან 2 თვეშიც შესაძლებელია.
პაციენტის პროტეზირებისათვის მზადების ამპუტაციიდან უფრო ხანგრძლივი დროით გადავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი კონტრაქტურების ჩამოყალიბება, კუნთების მკვეთრი ატროფია და ძლიერი ზოგადი სისუსტე, რაც შეუძლებელს ხდის პროტეზირებას!
უმჯობესია არ გადადოთ პირველადი კონსულტაცია, რათა დროულად შეფასდეს თქვენი მდგომარეობა და შეირჩეს თქვენთვის საჭირო ორთოპედიული მოწყობილობის ტიპი. პირველადი კონსულტაციისას თქვენ ასევე მიიღებთ ინფორმაციას პროთეზის ტიპების შესახებ, თუ როგორ მოემზადოთ პროთეზირებისთვის, თუ როგორ მოიძოთ სახელმწიფო დაფინანსება და ა.შ.
სამწუხაროდ პროთეზირებას აქვს წინააღმდეგ ჩვენებებიც. ეს შეიძლება იყოს ზოგადი ან ადგილობრივი ხასიათის:
- ზოგადი
– ზოგადი საერთო სისუსტე
მინიმალური მოთხოვნა პროტეზირებისათვის:
პაციენტს უნდა შეეძლოს დგომა ყავარჯნებზე 15-20 წუთის განმავლობაში და
ყავარჯნებით გადაადგილება 60-80 მეტრის მანძილზე
– ალერგია საპროთეზო მასალებსა და კომპონენტებზე
- ადგილობრივი
ტაკვის მანკები:
– სახსრების მყარი კონტრაქტურა
– ტაკვის ძვალი მახვილი დაბოლოებით კუნთოვანი ბალიშის გარეშე
– მტკივნეული ნაწიბურები
– ანკილოზები
– მტკივნეული ოსტეოფიტები
– მტკივნეული ნევრომები
– შეუხორცებელი წყლულები
– ლიგატურული ფისტულები
– ოსტეომიელიტი
იმისათვის რომ შესაძლებელი გახდეს პროთეზის კარგად მორგება და მისით უსაფრთხო და ბუნებრივი სიარული, მნიშვნელოვანია ფლობდეთ სათანადო კუნთურ ძალას, სახსრების მოძრაობის სიფართე არ უნდა იყოს შეზღუდული და ტაკვის მდგომარეობა უნდა იყოს შესაბამისი პროთეზირებისთვის. ყოველივე ამისთვის საჭიროა პროფესიონალი სპეციალისტების მიერ პროთეზირებამდე ჩატარდეს სპეციალური ფიზიკური რეაბილიტაცია.
პროთეზირებამდელი რეაბილიტაცია დაახლოებით 4 – 6 კვირა გრძელდება. იგი გულისხმობს სპეციალური ვარჯიშების შესრულებას, კომპრესიულ თერაპიასა და სხვა ჩარევებს საჭიროების მიხედვით. ამ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანია შესაძლო გართულებების პრევენცია.
ზოგადი რჩევები:
თუ ამის საწინააღმდეგო ჩვენება არ არის, სასურველია, 2-3-ჯერ დღეში პაციენტი დაწვეს მუცელზე 20-30 წუთის განმავლობაში. დღის განმავლობაში ხანგრძლივი ჯდომისას მას შესაძლოა განუვითარდეს მოხრითი კონტრაქტურები, რაც ართულებს პროთეზირებას. მუცელზე წოლის დროს, კი სახსრები გამართულ მდგომარეობაშია.
- კონტრაქტურის პრევენციისთვის მიშვნელოვანია საწოლში ტაკვის სწორი პოზიცია, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრები უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, ჯდომის დროს, კი წვივის ტაკვი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურად.
სწორი პოზიციები:

- პაციენტმა, როგორც კი შეძლებს, უნდა დაიწყოს ყავარჯნებით ან სასიარულო ჩარჩოს („ჭოჭინის“) დახმარებით გადაადგილება.
- პროთეზირება ტექნიკურად შესაძლებელი, რომ გახდეს, პაციენტმა ტაკვზე უნდა ატაროს კომპრესიული ნახვევი ან ტაკვის სპეციალური კომპრესიული წინდა. ეს მოუხსნის შეშუპებას, ტაკვს მისცემს სასურველი ფორმასა და სტაბილურ მოცულობას. ნახვევის ტარება ტაკვზე სასურველია გაგრძელდეს პროტეზირების დაწყებამდე.
- ელასტიური ბანდით ნახვევის დადების წესი: ნახვევის მიმართულება უნდა იყოს დიაგონალური, სასურველია 8-სებრი ნახვევის დადება. ბანდი ბოლომდე არ უნდა დაჭიმოთ დახვევის დროს, რომ არ გამოიწვიოთ სისხლის მიმოქცევის შეფერხება. ნახვევი შეიძლება ატაროთ დღისითაც და ღამითაც. დღის განმავლობაში სასურველია ნახვევის რამდენჯერმე მოხსნა და ხელახლა დახვევა. ნახვევი არ უნდა იწვევდეს ტაკვის არეში ტკივილს!
დამწოლი ნახვევის დადება მუხლსქვედა ტაკვზე

დამწოლი ნახვევის დადება მუხლსზედა ტაკვზე

- პროთზირებამდე რეკომენდებული ვარჯიშები
პაციენტმა უნდა ჩაიტაროს ვარჯიში კუნთური ძალის გაძლიერებისთვის და სახსრებში ნორმალური მოძრაობის სიფართის აღსადგენად, ასევე ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის.
ვარჯიშის სწორად შესრულება უნდა შეძლოთ დამოუკიდებლადაც. ეცადეთ ივარჯიშოთ რეგულრულად: ვარჯიშის პროგრამა, რომელიც შეიძლება ჩაატაროთ სახლის პირობებში დამოუკიდებლად:
ვარჯიში მუხლქვედა ამპუტაციის მქონე პაციენტებისთვის

ვარჯიში მუხლზედა ამპუტაციის მქონე პაციენტებისთვის

პირველადი პროტეზირების პროცესი გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ეს ინსტიტუციური პროცესია – უნდა ჩატარდეს საპროთეზო ორთოპედიულ ცენტრში. მცდარია მოსაზრება, თითქოს სრულფასოვანი პროთეზირების განხორციელება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. საპროთეზო რეაბილიტაცია კომპლექსურია, გულისხმობს სხვადასხვა პროფილის პროფესიონალის ჩართულობასა და სპეციალური ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის არსებობას.
იგი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- პაციენტის შეფასება და დანიშნულების განსაზღვრა
პაციენტს სინჯავს მულტიდისციპლინური გუნდი ექიმის, ტექნოლოგისა და ფიზიკალური თერაპისტის მონაწილეობით. ხდება პაციენტის ზოგადი და ტაკვის მდგომარეობის შეფასება, ისაზღვრება არის თუ არა წინააღმდეგჩვენებები პროთეზირებისთვის, თუ არა – რა ტიპის პროთეზის დამზადებაა მოცემული შემთხვევისთვის მიზანშეწონილი. ასევე ფასდება, თუ რამდენად მზადაა პაციენტი პროთეზირებისთვის. (პროთეზირებისთვის მომზადების შესახებ იხილეთ ზევით)
- ზომების აღება და ყალიბის დამზადება
ივსება ზომების ანკეტა და თაბაშირის ბინტის დახვევით ხდება მოკვეთილი კიდურის ნეგატიური ყალიბის დამზადება. ყალიბის თაბაშირის ხსნარით შევსებისა და გამყარების შემდეგ შესაძლებელი ხდება საბოლოო (პოზიტიური) ყალიბის დამზადება. ყალიბს საბოლოო სახეს აძლევს ორთოპედიული ტექნოლოგი, რომელიც ზომების შესაბამისად ამუშავებს მას სპეციალური გაიდლაინის მიხედვით .
- საცდელი ბუდის დამზადება და მორგება, პროთეზის აწყობა და ხაზის სტატიკურად რეგულირება (ელაინმენტი)
ყალიბზე თერმოპლასტიური მასალის ვაკუუმით გადაკვრით ხდება საცდელი ბუდის დამზადება. შემდეგი ეტაპებია:
– ბუდის პირველადი მორგება და შესაბამისი კორექტირება (საჭიროების შემთხვევაში).
– კომპონენტებისა და საცდელი ბუდის აწყობა და ხაზის გასწორება დაზგასთან. (სტატიკური ელაინმენტი) .
- პროთეზის მორგება და ადაპტაცია, ხაზის დინამიური გასწორება, და სასიარულო ვარჯიში (ფიზიო)
პაციენტი ატარებს საცდელ პროთეზს რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა საბოლოო პროდუქტის დამზადებამდე მოხდეს მისი კორექტირება მაქსიმალური მორგებისა და კომფორტულობის მისაღწევად. ამ ეტაპზე ხდება პროთეზის კომპონენტების დინამიური რეგულირება, პაციენტის ადაპტაცია ხელოვნურ კიდურთან და პროთეზით სიარულის ჩვევების გამომუშავება.
- პროთეზირების დამთავრება
ამ ეტაპზე ხდება საბოლოო ბუდის დამზადება ნახშირბადბოჭკოვანი მასალით, აკრილის ფისითა და მინა ქსოვილით – ე.წ. ლამინაცია. საბოლოო კოსმეტიკურ სახეს პროთეზი იღებს მისი ღრუბლოვანი მასალით დაფარვის შემდეგ. კოსმეტიკური საფარის ფორმა მაქსიმალურად მიახლოებულია ჯანსაღი კიდურის ფორმასთან.
რას ნიშნავს “კარგი პროთეზი”?
პირველ რიგში ეს არის პროფესიონალურად შესრულებული და კარგად მორგებული ტაკვის მიმღები ბუდე და სწორად, ბიომექანიკის წესების დაცვით აწყობილი პროთეზი.
რას ნიშნავს “უკეთესი პროთეზი”?
ეს არის “კარგი პროთეზი”, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალტექნოლოგიური,
მაღალფუნქციური კომპონენტებით.
ქვედა კიდურის პროთეზირების დასრულების შემდეგ პაციენტს უნდა შეეძლოს:
- სწორ ზედაპირზე სიარული
- კიბეზე ასვლა/ჩამოსვლა
- იატაკიდან საგნის აღება
- სკამზე/იატაკზე დაჯდომა-წამოდგომა
- დახრილ სიბრტყეზე სიარული
- დაბრკოლებაზე გადაბიჯება
ზოგადად პროთზირების შედეგი დამოკიდებულია როგორც ობიექტურ ფაქტორებზე – პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, კიდურის ამპუტაციის დონე, ასევე, მნიშვნელოვანია პაციენტის მოტივაცია და აქტიური პოზიცია. მისი სათანადო ნების, ძალისხმევისა და მიზანსწრაფვის გარეშე, რაც არ უნდა ძლიერი „მხარდამჭერთა“ გუნდი უნდა ჰყავდეს გარშემო, შედეგი ვერ მიიღწევა. შემთხვევათა უდიდეს უმრავლესობაში საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის პროცესი წარმატებულია და მთავრდება პაციენტის მობილურობის აღდგენით.
ზოგ შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება ფანტომური ტკივილი ან შეგრძნება. მაგალითად არ არსებული კიდურის ნაწილში მოჭერის შეგრძნება და სხვა. თუ ეს ძალიან შემაწუხებელია მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს დახმარებისთვის, უმრავლეს შემთხვევაში ფანტომური ტკივილი მცირდება და გაივლის ხოლმე პროთეზით სიარულის დაწყების შემდეგ.