საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი

არაოფიციალური მონაცემებით საქართველოში 130,000 მეტი ფიზიკურად შეზღუდული ადამიანია. მათგან დაახლოებით 10%-ს აღენიშნება გადაადგილების უნარის შეზღუდვა. კიდურამპუტირებული პაციენტები საჭიროებენ საპროტეზო რეაბილიტაციას, ხოლო პაციენტები ფუნქციური დაავადებებით (ნევროლოგიური და სხვა დარღვევებით) ორთეზულ მომსახურებას.  საპროტეზო ორთოპედიული რაბილიტაციის ქართული ფონდში (სორქ ფონდი) რეგისტრირებულია 12,000-ზე მეტი ამგვარი პაციენტი.

ფონდი დაარსდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორთოპედიული პროექტის ბაზაზე 2003 წლის დეკემბერში. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები უზრუნველყოს ფიზიკური რეაბილიტაციის მომსახურებით (ფიზიკალური თერაპია, პროტეზირება და ორთეზირება). დღემდე 10,000-ზე მეტ ადამიანს გაეწია მომსახურება.

ფონდში ამჟამად დასაქმებულია სხვადასხვა პროფესიული პროფილის მქონე 18 თანამშრომელი: ორთოპედიული ტექნოლოგები (საერთაშორისო II კატეგორია) და ტექნიკოსები, ექიმი რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპისტი, ადმინისტრაციული და დამხმარე შტატი. მათი პროფესიული დონის პერმანენტული ამაღლება სორქ ფონდის ზრუნვის ერთ-ერთი ძირითადი საგანია.

სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2008 წელს წარმატებით განხორციელდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის დანერგვა ISO 9001:2008 სტანდარტის მიხედვით.

ჩვენ დიდი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, რომელთა თანადგომამ შესაძლებელი გახადა ამგვარი სამსახურის არსებობა საქართველოში. მათ შორის არიან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, იოჰანიტერი, შმიცის ფონდი, ჯგუფი სოსიეტე ჯენერალი – ბანკი რესპუბლიკა, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფონდი ევრაზია, კანადის მთავრობა, ქალბატონი ერიკა ულამეკი, ბატონი ჟერომ რიბო-გაილარი და სხვები.

2015 წელს ფონდმა დაასრულა ახალი ცენტრის მშენებლობა მისამართზე – ბელიაშვილის 143ა. ცენტრის პროექტირება და მშენებლობა განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მშენებლობის მნიშნელოვანი ნაწილი დაფინანსდა იაპონიის მთავრობის, იოჰანიტერისა და წითელი ჯვრის დახმარებით.