საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი - ორთო სისტემები

არაოფიციალური მონაცემებით საქართველოში 130,000 მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანია. მათგან დაახლოებით 10%-ს აღენიშნება გადაადგილების შესაძლებლობის შეზღუდვა. კიდურამპუტირებული პაციენტები საჭიროებენ საპროთეზო რეაბილიტაციას, ხოლო პაციენტები ფუნქციური დაავადებებით (ნევროლოგიური და სხვა დარღვევებით) ორთეზულ მომსახურებას. პროექტის მონაცემთა ბაზაში დღეისთვის რეგისტრირებულია 13,000-ზე მეტი ამგვარი პაციენტი.

ჩვენი ისტორია 1994 წლიდან – წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორთოპედიული პროექტით დაიწყო, რომლის ბაზაზე 2003 წლის დეკემბერში დაარსდა საპროთეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდი. ამჟამად პროექტი ოპერირებს შპს “ორთო-სისტემების” სახელით.  ჩვენი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები უზრუნველყოს ფიზიკური რეაბილიტაციის მომსახურებით (ფიზიკალური თერაპია, პროტეზირება და ორთეზირება). ორთო-სისტემებში ამჟამად დასაქმებულია სხვადასხვა პროფესიული პროფილის მქონე 18 თანამშრომელი: ორთოპედიული ტექნოლოგები (საერთაშორისო II კატეგორია) და ტექნიკოსები, ექიმი რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპისტი, ადმინისტრაციული და დამხმარე შტატი. 

სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2008 წელს წარმატებით განხორციელდა ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემის დანერგვა ISO 9001:2008 სტანდარტის მიხედვით.

ჩვენ დიდი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პიროვნების მიმართ, რომელთა თანადგომამ შესაძლებელი გახადა ამგვარი სამსახურის არსებობა საქართველოში. მათ შორის არიან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, იოჰანიტერი, შმიცის ფონდი, ჯგუფი სოსიეტე ჯენერალი – ბანკი რესპუბლიკა, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფონდი ევრაზია, კანადის მთავრობა, ქალბატონი ერიკა ულამეკი, ბატონი ჟერომ რიბო-გაილარი და სხვები.

2015 წელს დასრულდა ახალი ცენტრის მშენებლობა მისამართზე – ბელიაშვილის 143ა. ცენტრის პროექტირება და მშენებლობა განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მშენებლობის ნაწილი დაფინანსდა იაპონიის მთავრობის, იოჰანიტერისა და წითელი ჯვრის დახმარებით.